პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძის პარტია დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს

burjan“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს გმირთა მოედანზე ომის ვეტერანთა დარბევის გამო მკაცრ რეაგირებას სთხოვს.

ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პატივისცემითა და დაფასებით სარგებლობენ ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მთლიანობასა და ღირსებას იცავენ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი,  საკუთარი ჯარისკაცების ღირსება ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გათელა.

“სააკაშვილმა და მისმა ხალხმა შეურაცხყო დაღუპული გმირების ხსოვნა და მათ ფოტოებს ადგილი ნაგავსაყრელზე მიუჩინა, ომის ვეტერანებს შეუქმნა იმდენად მძიმე მორალური და სოციალური მდგომარეობა, რომ ისინი იძულებული გახადა, საკუთარი ღირსების დასაცავად პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, შიმშილობისთვის მიემართათ.  ვინ, თუ არა ჩვენმა ჯარისკაცებმა, იცის თუ როგორი მხდალი და დისკრედიტირებულია მთავარსარდალი სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი ჯარი, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვა და უკან მოუხედავად, მიწაზე ფორთხვით გაიქცა. სწორედ ამიტომ სააკაშვილს არ სჭირდება ძლიერი, ღირსეული არმია და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს და ანგრევს  ქართულ ჯარს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, უმწვავესი რეაგირება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების ამ სამარცხვინო ქმედებაზე, რადგან დაუშვებელია მსგავსი ფაქტი მათი მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარეშე დარჩეს”, - აცხადებენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში და დასძენენ, რომ  “დამნაშავე ხელისუფლებას” ხალხის ნებით და ხალხთან ერთად აუცილებლად შეცვლიან.

მათი თქმით, სააკაშვილის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ქმედება  იქნება  გარანტი იმ უმძიმესი განაჩენისა, რომელსაც მას ხალხი გამოუტანს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის წარმომადგენელებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ვეტერანთა შიმშილობის აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის დაშლას შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დააკავეს რამდენიმე ვეტერანი.

ვეტერანები ხელისუფლებას მათ მიმართ  უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა შიმშილობა ახალი წლის წინა დღეებში დაიწყეს  და აქციის შეწყვეტას  6 იანვრისთვის გეგმავდნენ.