აქტუალური
„არ შეიძლება, საკუთარი წარმატების მისაღწევად ადამიანების საცვლებში იქექებოდე“! - თამარ ივერი

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი.  უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელ დავით კინწურაშვილს უპირისპირდებიან და მას არაკომპეტენტურობასა და მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

თავის მხრივ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ მის გადადგომას აბსოლუტურად მთელი დასი მოითხოვს ან სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ის გადადგება. დაახლოებით 300-კაციანი დასიდან მის გადადგომას ამჟამად 163 ითხოვს. კინწურაშვილმა ტელეეთერით განაცხადა, რომ ის „არ ებღაუჭება სავარძელს“, თუმცა ითხოვს დაუსახელონ „ფინანსური დარღვევებისა და ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტები“. საპასუხო განცხადებაში კულტურის სამინისტროსადმი იგი ასევე აღიარებს, რომ მენეჯმენტის განხორციელების უნარი არ შესწევს.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა თამარ ივერმა “კურიერთან” იმ ბრალდებებს უპასუხა, რაც დავით კინწურაშვილმა თავის წერილში მის წინააღმდეგ გააჟღერა.

„ადამიანს თუ თავმოყვარეობა აქვს, 20 და 30 კაციც რომ განგიდგება თეატრში, უკვე უნდა დატოვო. არ შეიძლება, ყველაფერი იჭმეოდეს, არ შეიძლება, შენი წარმატების მისაღწევად ადამიანების თავებზე გადადიოდე, მათ საცვლებში იქექებოდე. ჩვენ არასდროს არ გვიკადრია, რომ მისი მიმოწერა და რაღაც გაგვეშუქებინა. ადრე თუ გვიან მაინც წავა და წავა ძალიან ცუდად. თუ ასე გაგრძელდება, ყოველი ჩვენგანი ავიყვანთ ადვოკატს და პასუხს ვაგებინებთ“, - განაცხადა თამარ ივერმა.