აქტუალური
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სეზონი დაიხურა „მაყურებლისადმი პატივისცემის გამო“

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ოპერისა და ბალეტის თეატრში 23 ივლისს სეზონი დაიხურა. ღონისძიება ჯერ კიდევ 17 ივლისს იყო დაგეგმილი, მაგრამ დასის პროტესტის გამო გადაიდო. დასი თეატრის დირექტორის დავით კინწურაშვილის გადადგომას ითხოვდა.

"არ არის დასის საქმე ადამიანის გადაყენება-არგადაყენება, მოყვანა-არმოყვანა. მაგრამ, რადგან დადგა ეს მომენტი, აქ არის მთელი კოლექტივი. აქ ყველაზე რთული და მთავარი ის არის, რომ ადამიანმა ერთ შეცდომას მეორე მიაყოლა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თავად ის კაცი არ თვლის, რომ შეცდომა არის დაშვებული”, - განაცხადა ოპერის თეატრის სოლისტმა თემურ გუგუშვილმა სეზონის დახურვის წინა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოპერის გუნდის კოლეგიის წევრის იამზე გურჩიანის თქმით, ისინი არ შეეგუებიან დავით კინწურაშვილის თანამდებობაზე დარჩენას.

"სეზონის დახურვა აუცილებლად შედგება, ეს არის პატივისცემა მაყურებლისადმი, მაგრამ ეს დაუმორჩილებლობა, რასაც ჩვენ უნდობლობას ვეძახით სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ, ამაში ვართ აბსოლუტური უმრავლესობა ერთსულოვანი", - აღნიშნა გურჩიანმა.