პოლიტიკა
ლავროვი: რფ–თან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოს უნდა ეკუთვნოდეს

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მიმდინარე ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საელჩო არ აქვს, არამედ ფუნქციონირებს ინტერესთა სექცია.

რუსეთის მთავრმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა. მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ახლა "ჯერი თბილისზეა".

ამას გარდა, სერგეი ლავროვის მტკიცებით, ნატო-მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.

მისი თქმით, 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს წევრებს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან. "2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ასეთი დაპირების გამო თავი დაკარგა და მან ცხინვალზე, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა. ნატო-ს წამახალისებელმა ფრაზამ - თბილისი იქნება ნატო-ში - თავისი როლი შეასრულა. ამაში მე ეჭვი არ მეპარება", -განაცხადა ლავროვმა.