უცხოეთი
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი მძლეოსნები ოლიმპიადაზე არ დაუშვა

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ლოზანაში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის წინააღმდეგ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამგავრად რუსი მძლეოსნები რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებენ.

მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა დაუშვა, რომელიც საზღვარგარეთ ვარჯიშობს. ხოლო მრბოლელი იულია სტეპანოვა ოლიმპიადაში განსაკუთრებული პირობით მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.  რიოს ოლიმპიადა კი 5 აგვისტოს იწყება.

2015 წლის ნოემბერში მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) დოპინგ-სკანდალის გამო რუსეთის მძლეოსნობის დეფერაციის დისკვალიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს.

ივლისის დასაწყისში რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა და 68 რუსმა სპორტსმენმა საერთაშორისო ასოციაციის გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრეს.