უცხოეთი
თურქეთში WikiLeaks დაბლოკეს

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ვებგვერდ "ვიკილიქსმა" თურქეთის მმართველი «სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" 290 ათასი წერილი გამოაქვეყნა. წერილები პარტიის ოფიციალური დომენიდან არის გაგზავნილი. დოკუმენტები 2010-2016 წლის პერიოდს ეხება და ძირითადად საგარეო პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოქვეყნებული წერილები "ვიკილიქსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. წერილების გამოქვეყნების გეგმა “ვიკილიქსმა” თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტების გასაჯაროებამდე ვებგვერდ “ვიკილიქსზე” რამდენიმე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

"ვიკილიქსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მასალები ვებგევრდმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. ინტერნეტპორტალმა მიმოწერის გამოქვეყნება დაგეგმილზე ადრე თურქეთში მიმდინარე დაკავებების გამო გადაწყვიტა.

წერილების გამოქვეყნების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ვებგევრდი "ვიკილიქსი" დაბლოკა. ვებგვერდზე შესვლისას ეკრანზე ჩნდება შეტყობინება, რომ აღნიშნულ გვერდთან წვდომა თურქეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილებით შეიზღუდა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 45 ათასი ადამიანი.