საზოგადოება
თურქეთის კონსული: „ბათუმის შაჰინის ლიცეუმში ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან“

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 კონსულის ინფორმაციით, სკოლა ტერორისტ ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.

 „ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით და ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, საქართველოში, აჭარაშიც არის ამ დაჯგუფების რეფადინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს - ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, რადგან ეს სკოლა ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურება. ჩვენ საქართველოს შესაბამის უწყებებთან გამოვალთ ინიციატივით, რათა ამ ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა.

 შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის ელგუჯა დავითაძის თქმით, იასინ თემიზქანის განცხადება აბსურდულია.

 „მინდა ვკითხო ამ ბრალდების ავტორს - თუ ასეთი დაწესებულება იყო ეს, რატომ დადიოდა საკონსულოს 20 და 30 ბავშვი ჩვენთან სკოლაში და იღებდა განათლებას? ამის გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ბათუმის მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია შეამოწმოს სკოლის 20-წლიანი მოღვაწეობიდან, რა შედეგი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ბათუმისთვის. ეს არის სრული აბსურდი და ცილისწამება, რის შესახებაც აუცილებლად მივიღებთ ზომებს“, - აცხადებს ელგუჯა დავითაძე.