საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულია 10000–ზე მეტი სამხედრო, მათგან – 103 გენერალი და ადმირალი, მათ შორის – დენიზლის გარნიზონისა და სპეცნაზის მე–11 პოლკის მეთაური, გენერალი კამილ ოზჰან ოზბაკირი, თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი აკინ ოზთურქი, სამხედრო ბაზა „ინჯირლიკის“ უფროსი, გენერალი ბეკირ ერჯან ვანი, მე–2 არმიის მეთაური ადემ ჰუდუტი და თურქეთის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი ალი იაზიჯი. დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან.
გარდა ამისა, თურქეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს 8 ათასი პოლიციელი შეტქმულებთან კავშირის გამო, რომლებიც პრეზიდენტ ერდოღანის დამხობას ლამობდნენ. ბევრი მათგანი დაკავებულია.
ამასთან, თურქეთში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს 2745 მოსამართლე, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მუშაობდნენ, 426 მოსამართლე და პროკურორი კი დაკავებულია. იტყობინებიან, რომ დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ/PDY–ის წევრები არიან, რომელმაც გადატრიალების მცდელობის ორგანიზება მოახდინა.
აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, ასევე გაცემულია ორდერები მათი სახლების გაჩხრეკის შესახებ.