საზოგადოება
„ევროსაბჭოს წევრ არცერთ სახელმწიფოს სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს!“ – ტორბიორნ იაგლანდი

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ევროსაბჭო თურქეთში სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმაურება.

 “ევროსაბჭოს არცერთ წევრ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გამოიყენოს სიკვდილით დასჯა. ეს არის ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულება”, -  განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან საუბრისას.

 მისი თქმით, თურქეთს რატიფიცირებული აქვს ევროსაბჭოს ორი პროტოკოლი, რომელთა თანახმადაც, სიკვდილით დასჯის აღდგენა დაუშვებელია ნებისმიერი გარემოების დროს.

 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს.

 ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად  ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.