საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა ამომრჩევლებს

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:  „მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს. ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“.

ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.