საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას“

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

 გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 „ჯერჯერობით, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. საჰაერო საზღვარიც ამ წუთისთვის ჩაკეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენები არ ხორციელდება. ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე სიტუაცია დასტაბილურდება, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 მთავრობის მეთაურს ასევე დაუსვეს კითხვა, შექმნილ ვითარებაში ხომ არ არის მოსალოდნელი საფრთხე რუსეთისგან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ წუთას ასეთი საფრთხე არ ჩანს, თუმცა, ყველა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული უნდა იყოს.

 პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კონფერენციის იმ 30-მდე მონაწილის სამშობლოში დაბრუნების საკითხებს აგვარებს, რომლებმაც, თურქეთში შექმნილი ვითარების გამო, სტამბოლის გავლით გაფრენა ვერ შეძლეს.