აქტუალური
მარგიანი: „მე ვინც მიმიწვია, ის არის ძალიან ახლობელი “ოცნების”, ჯამბული ჰქვია“

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, ცეკას ყოფილი მდივანი ავთანდილ მარგიანი ამბობს, რომ საგურამოში, “ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენაზე “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირმა მიიწვია.

 “დამირეკეს, რომ ძალიან გთხოვთ, წამობრძანდეთო. ჩვენ ველოდებოდით ბიძინას ჩამოსვლას და ბიძინა რახან არ იყო, არ მივდიოდი მე, მაგრამ რახან დამირეკეს მერე [წავედი], მე გვერდზე ვცხოვრობ. მე ვინც დამირეკა, ის არის ძალიან ახლობელი მაგ ოცნების. მაგათთან არის, დღე და ღამე ერთად არიან. ჯამბული ჰქვია, ჯამბული, გვარი არ მახსოვს", - ამბობს მარგიანი.

 ავთანდილ მარგიანმა საგურამოში “ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” უერთდება.

 “ერთიანმა საქართველომ გადაწყვიტა უკვე დიდი ხანია, შეუერთდეს ბატონ ბიძინას მიერ დაფუძნებულ მოქალაქეთა კავშირს, “ოცნებას”. დღეს გამოვაცხადეთ, რომ ვართქართული ოცნების” წევრი. მათი პოზიცია იყო ძმობა და სიყვარული. ოცნების უფლება ყველას აქვს. ჩვენი ლოზუნგია - "ჩვენი ოცნება შენკენ ისწრაფვის, ჩვენს გულში შენი ბრწყინავს ცისკარი, ივანიშვილო, შენზე ძვირფასი, ვის გვყავს ქართველებს დასაფიცარი. საპარლამენტო სიაში კი არა, შეიძლება, სათავეშიც ვიყო. ვნახოთ”, - განაცხადა, კერძოდ, მარგიანმა.

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” განცხადებით, პარტიის ახალი სახეების წარდგენაზე ცეკას ყოფილი მდივანი ავთანდილ მარგიანი არ მიუწვევიათ. მათი მტკიცებით, მარგიანის კომენტარი “სპეციფიკური იუმორი” იყო.