აქტუალური
„ზურაბ პატარაძისთვის გზავნილი იქნება, რომ აჭარაში ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები“ – გიორგი მარგველაშვილი

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს დაუჭერს.

 „ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომმართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე  და კონსტიტუციის შესაბამისად აჭარაში, მთავრობასთან კონსულტაციით, დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული. მყისიერად ამ დანიშვნისთანავე დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე გადაგზავნილია უმაღლეს საბჭოში პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად. მაქვს მტკიცე რწმენა, რომ ფრაქციებთან კონსულტაციებით პატარაძეს ექნება მხარდაჭერა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 „ბატონი ზურაბისთვის ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის ევროპული არჩევნები და ასევე ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს, გაგრძელდეს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.