საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. 8-9 ივლისს ვარშავაში გამართულ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ზახაროვას განმარტებით, ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ობიექტური აუცილებლობის მიუხედავად, აშშ წამყვანი ქვეყნების პოტენციალს, რეალური საფრთხისკენ მიმართვის ნაცვლად, წარმოსახვით გამოწვევებს უპირისპირებს და თავის ძალისხმევას „აღმოსავლეთიდან მომავალი მზარდი საფრთხის შეკავებისკენ მიმართავს“.
„ცალსახა დისბალანსი, რომელიც ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებასა და სამხრეთიდან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს შორის არის, მეტყველებს იმაზე რომ ალიანსის პოლიტიკა რეალური გამოწვევების მოგვარებასა და ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაშორდა“, -ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთის „დემონიზების“ მცდელობა ნატოს მიერ შეიარაღების გაზრდის გასამართლებლად, ალიანსისა და მისი მოკავშირეების მიერ კრიზისების პროვოცირება და დაძაბულობის კერების წარმოშობისთვის ხელის შეწყობა ჰიპერტროფირებულ ფორმებს იძენს. ზახაროვას თქმით, კრემლი ნატოს შეირაღების გაძლიერებასთან დაკავშირებით შესაბამის განმარტებას 13 ივლისს დაგეგმილ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ელის, რომელიც მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება.