უცხოეთი
კერი მოსკოვში სირიის, უკრაინისა და მთიანი ყარაბაღის საკითხების განსახილველად ჩავა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 14 ივლისს მოსკოვში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა  ჯონ კირბიმ განაცხადა. ეს მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჯონ კერის მოსკოვში მეორე ვიზიტი იქნება.

ჯონ კირბის თქმით, სახელმწიფო მდივანი რუსეთში  მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რა დროსაც უკრაინის, სირიისა და მთიანი ყარაბაღის საკითხებს განიხილავს.

კერი მოსკოვში საფრანგეთიდან ჩავა, სადაც ის ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთში ვიზიტის შემდეგ, 15-17 ივლისს ჯონ კერი ლუქსემბურგში იქნება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნს შეხვდება. 17 ივლისს სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გაემგზავრება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან შესახვედრად. 18 ივლისს ჯონ კერი ლონდონში ჩავა. იქ სახელმწიფო მდივანი სირიასა  და იემენში შექმნილი ვითარების განხილვას გეგმავს.

ჯონ კერი მოსკოვში 2016 წლის მარტშიც იმყოფებოდა. მაშინ სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.