საზოგადოება
პროკურატურამ მაია და გუკა რჩეულიშვილების დაკავების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. მთავარ პროკურატურაში ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს ცენტრ პოინტი აჭარას დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ.

 „ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას.  ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს ცენტრ პოინტ ჯგუფის სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან ის ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 

ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ასევე როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა კომპანია ცენტრ პოინტი ჯგუფი. პრესასა თუ მედიაში გასული რეკლამების შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის მიზანს დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება წარმოადგენდა, შედეგად მრავალმა მოქალაქემ  მიმართა ცენტრ პოინტ ჯგუფს, ჯერ კიდევ არაშენებული ბინების შეძენის სურვილით.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.