საზოგადოება
ფონდი „ქართუ“ უმაღლესი სტანდარტის, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს - Black Sea Arena სახელმწიფოს გადასცემს

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი შეკვეთილში მოაწერეს.

 ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები/რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

 არენის სივრცე  ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების  გამართვის შესაძლებლობას იძლევა. BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუ-პროგრამას.