პოლიტიკა
NATO-მ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირების მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება. პარტიები თხოვნით მიმართავენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ და წაახალისონ საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ამ კონკრეტულ თემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.

 „ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საქართველოში 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც მოცულია ტერიტორიული დავებით და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებთან. თუმცა, ჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური და ენერგეტიკული დერეფანი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლური ურთიერთობების, თავისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპებს. თუმცა ჩვენ ასევე მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივისწრაფით ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერისკენ”, - ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება“, “რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.  

 საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „მეწარმეების“ მიერ წარმოდგენილი იმავე დასახელების პარტია, რომლის ლიდერებიც არიან გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემელაძე, ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც უარი თქვა ზემომითითებულ ერთობლივ მიმართვაზე.