სამართალი
„თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა აშშ-სთან და შემდეგ ტერორისტი გახდა“ - ირაკლი სესიაშვილი

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი.  ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ახმედ ჩატაევის უშიშროების აგენტობასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე გაკეთებული შეფასებების ავტორებს, რომლებიც ირაკლი სესიაშვილს ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის დარღვევასა და სახელმწიფოსთვის ზიანის შემცველი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

 „ჩატაევი დღეს არის ტერორისტად აღიარებული და შესაბამისად, ტერორისტებს უნდა ვებრძოლოთ და არა დავიცვათ ისინი. თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ, როცა ტერორისტი გახდა, ამის შესახებ ღიად იყო გაცხადებული. აქ რაიმე კანონდარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. ამიტომ სანამ ვინმე შეეცდება, ასე ვთქვათ, ვითომ სახელმწიფო ინტერესების შემცველი ინფორმაციის დაცულობისკენ მომიწოდოს, ჯობს, კანონმდებლობაში და სიტუაციაში გაერკვეს. მე კანონი არ დამირღვევია”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ზვიად კუპრავა, ახმედ ჩატაევის უშიშროების აგენტობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.