უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა რუსეთის შემაკავებელი ღონისძიებები ჩამოთვალა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოსა და ნატო-ს უნდა ჰქონდეს საკმარისი სამხედრო პოტენციალი, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად.

როგორც 58-გვერდიან დოკუმენტშია აღნიშნული, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ინტერვენცია ევროპის სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხე გახდა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მოსკოვმა არაერთხელ განახორციელა მუქარის შემცველი ქმედებები ბრიტანეთისა და ნატო-ს მისამართით: კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავები პერიდულად უკიდურესად ახლო მანძილზე მიდიან ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცესთან.

ბრიტანელი ექსპერტების მონაცემებით, რუსეთს 48 საათის განმავლობაში შეუძლია 13 ათასი სამხედროს მობილიზება, ხოლო კიდევ ორ დღეში  - დამატებით 30 ათასის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მართალია შეასუსტა რუსეთის ეკონომიკა, თუმცა მოსკოვის სამხედრო გეგმები ვერ შეაკავა. ამიტომ ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ სანქციების გაფართოებას.

ექსპერტების აზრით, რუსეთი განაგრძობს სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას სირიის კონფლიქტში და პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი ვითარება უნდა შეიცვალოს და რომ ლონდონმა უნდა გამოავლინს მოსკოვთან კონსტრუქცილი დიალოგის დამყარების სურვილი.

მაისში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხის საპასუხოდ ნატო მიმდინარე წელს დაიწყებს “მაღალი მზადყოფნის გაერთიანბეული ძალების” ჩამოყალიბებას. ამას გარდა, ნატო-ს ვარშავის სამიტზე ალიანსი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ბატალიონების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.