საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში საქართველოს ციხიდან გათავისუფლებული ახმედ ჩატაევის მონაწილეობაზე სპეკულაციები “აბსოლუტურად მიუღებელია”.
“მე არ მომისმენია თურქეთის ოფიციალური მხრიდან ასეთი განცხადება, ეს იყო ვარაუდები გამოთქმული, სხვათა შორის, ქართველი პოლიტიკოსების მიერ. მე მინდა ვთქვა, გამოძიება არ არის დასრულებული. ნებისმიერ შემთხვევაში, რანაირადაც უნდა დასრულდეს გამოძიება, ტერორისტი, ვინც უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს. აქ წინასწარი ბრალდებები და სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილამა ჟურნალისტებთან საუბრისს.
თურქული გამოცემის, “იენი შაფაკის” ცნობით, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი ჩეჩნური წარმოშობის ახმედ ჩატაევია. თურქეთის მთავრობას ოფიციალური ინფორმაცია თავდასხმის ორგანიზატორების შესახებ არ გუვრცელებია.
აჰმედ ჩატაევი 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (“ლაფანყურის სპეცოპერაციის”) შედეგად დაიჭირეს. სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. 2012 წლის 6 დეკემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეუცვალა 5000-ლარიანი გირაოთი და დარბაზიდან გაათავისუფლა. ჩატაევი, თურქული მედიის ცნობით, 2013 წელს შეუერთდა “დაეშს” (ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს”).
სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებულიაფეთქებებისა და სროლის შედეგად დაიღუპა 42, დაშავდა 239-ზე მეტი ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, 28 ივნისს სამმა თავდამსხმელმა აეროპორტის ტერმინალის შიგნითა და გარეთა მხრიდან დაიწყო სროლა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, თავი აიფეთქეს.
netgazeti.ge