საზოგადოება
"აშშ და საქართველო უნდა დავდგეთ ერთად ტერორიზმსა და გლობალური უსაფრთხოების სხვა საფრთხეებთან ბრძოლაში!“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის საელჩოს მიერ გამართულ ამერიკის  დამოუკიდებლობის 240- წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. 
 „ილინოისის უნივერსიტეტში მაგისტრანტი სტიპენდიატის სტატუსით სტუდენტობის დროიდან მოყოლებული, მე ყოველთვის განსაკუთრებით ვაფასებ ოთხი ივლისის დღესასწაულს, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის. ჩემმა გამოცდილებამ ამერიკაში განსაკუთრებული კავშირი დაამყარა ჩვენ შორის და ეს კავშირი დღესაც არის ჩემი შთაგონების წყარო ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების გზაზე. მე განსაკუთრებული გრძნობები გამიჩნდა თბილი და სტუმართმოყვარე ილინოისელთა მიმართ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ილიონოისელი ელჩი საქართველოში, ბატონი კელი. გამოვთქვამ იმედს, რომ აქ თქვენ ისევე გრძნობთ თავს შინ, როგორც თქვენს მშობლიურ შტატში. ოთხი ივლისი არის ამერიკის მტკიცე და ურყევი ღირებულებების ზეიმი, რომელთაგან უმთავრესია თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და ემხრობა საქართველოც. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ დღეს, როცა ამერიკა აღნიშნავს თავისი სახელმწიფოებრიობის 240-ე წლისთავს, ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა პრემიერმა.
 „აპრილში აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად განვიხილეთ საქართველოში შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფის გზები და მომდევნო 25 წლის განმავლობაში და შემდეგაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცების პერსპექტივები. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რაც ცხადყოფს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სიმტკიცეს. ამ ღონისძიების ფარგლებში წვრთნები ჩაუტარდა ქართველ მებრძოლთა ასეულს, რომელსაც წვლილი შეაქვს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ეს წვრთნები დაეხმარა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენი ერთობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართული ვერაგული ტერორისტული აქტების გათვალისწინებით", – აღნიშნა პრემიერმა.