საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. 26 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
„დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე – დედამიწაზე. თქვენ წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე. ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე, ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ-მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ“, – აღნიშნა პატრიარქმა.