პოლიტიკა
აჭარასა და დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ინტენსიური წვიმების შედეგად დაზარალდა ქედა და შუახევი.

 „ქედის მუნიციპალიტეტში, მერესის ხეობაში, სამი ხიდი მთლიანად წაღებულია, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ჩავთვალოთ, რომ ხუთი ხიდი არის თავიდან გასაკეთებელი. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს. სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ საინჟინრო დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა,  აჭარის რეგიონს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.

 „თუ არის კომუნიკაცია საჭირო ან პროდუქტის, წყლის მისაწოდებლად, ყველა ამ მიმართულებით ჩავერთოთ. დამატებითი რესურსი, რაც იქნება საჭირო, მოვიძიოთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ეს შედეგები.  რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდგომარეობაა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დევდორაკის ხეობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. ჯავახიშვილის განმარტებით, თუ ამინდი ხელს არ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს, დევდორაკის ხეობაში გზა 2 კვირაში გაიხსნება.