საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას თურქეთში ტურისტების ჩასვლის თაობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი განიხილა. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრეს სამსახურზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მიეცეს ხელისუფლებას დავალება შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა აღდგეს ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა სავაჭრო–ეკონომიკურ და სხვა სფეროებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გადადგას “დამატებითი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.
ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 29 ივნისს შედგა, რა დროსაც თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთახმდნენ. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, პუტინმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ხაზი გაესვა რა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.