პოლიტიკა
საქართველო და უკრანა რუსეთის მთავარი სამიზნეები არიან შავ ზღვაზე, მიაჩნია ხიდაშელს და დასახმარებლად ნატოს უხმობს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.  საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებების“ ფარგლებში რესტორან “ფუნიკულიორში” ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაესწრო.

 თავდაცვის მინისტრმა ვახშამზე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 „ევროკავშირში მიმდინარე ძვრების მიუხედავად, ალიანსი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს ინტეგრაციის პოლიტიკას. აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება და ალიანსში მონტენეგროს მიღება ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე დადებით გავლენას მოახდენს. შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებას საქართველო შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველო მზად არის, ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მკაფიოდ გვითქვამს, რომ თუ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაშინ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე. როდესაც შავ ზღვაზე ბალანსის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუმინეთი და ბულგარეთი არ წარმოადგენენ სამიზნეებს. ამ რეგიონში მთავარი სამიზნეები საქართველო და უკრაინა არიან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.