აქტუალური
სასულიერო პირებმა ხიდაშელთან ერთად რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საქართველო–ნატოს ურთიერთობებსა და ვარშავის სამიტის პერსპექტივებზე იმსჯელეს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.  თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების კაპელანებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე „ნატო და უსაფრთხოება“. სასულიერო პირებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმნენ.

 „ჩვენ ერთგვარი თანასწორობის ქმედითი პოლიტიკის გატარება დავიწყეთ ჯარში, მათ შორის, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის თვალსაზრისით. გავხსენით სამლოცველოები სხვადასხვა ბრიგადაში. ამ შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება, უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინტეგრაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად წარმატებული“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ კაპელანებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მათ განსაკუთრებული როლი აქვთ სამხედრო მოსამსახურის საბრძოლო სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და პატრიოტიზმის განმტკიცების საქმეში.

 შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა და კაპელანებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ნატო-საქართველოს ურთიერთობა და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს.