სამართალი
GFK-ს პარტიული რეიტინგები - "ქართული ოცნება" - 30,5%, "ნაციონალური მოძრაობა" - 28.2%

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით პარტიული რეიტინგები გამოქვეყნდა.

 გამოკითხული მოსახლეობის 30,5% უპირატესობას “ქართულ ოცნებას” ანიჭებს. 28.2% კი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

 პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე” მხარდამჭერი აღმოჩნდა 11.6%.

 “თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანიას” მხარდამჭერია 8.9%. 4.5%-ისთვის მისაღებია ლეიბორისტული პარტია. “პატრიოტთა ალიანსს” ანიჭებს უპირატესობას 3.1%. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” კი -  2.3%.

 კვლევა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2 200 სრულწლოვანი მოქალაქე, კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე.

 გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს, ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს-მინუს 2.1 პროცენტს.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წელს საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინ,  GFK-ს „სოცკვლევების“ შედეგების ცდომილებამ დაახლოებით 30 % შეადგინა.