პოლიტიკა
„შაჰიდი“ ხიდაშელი არაადეკვატურია! თავისი მკვდარი „რესპუბლიკური პარტიის“ სარეანიმაციოდ იგი სახიფათო გადაწყვეტილებებს იღებს!“ – მეჭიაური

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების თაობაზე.

 „თინა ხიდაშელი საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის. ის მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს. ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს, იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტზე ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები - პოპულისტური, რომელიც მიზნად მკვდარი რესპუბლიკური პარტიის გაცოცხლებას ისახავს“,  – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.