უცხოეთი
სააკაშვილს უკრაინაში არსებული ვითარება რუსეთში არსებულ ვითარებაზე უარესად მიაჩნია

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვითარება პუტინის რუსეთზე უარესია.

ამის შესახებ სააკაშვილმა კონფერენცია Grain Ukraine 2016-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის კატასტროფული ზღვარიდან გამომდინარე, უკრაინა „ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთზე უკეთეს მდგომარეობაში არ არის“.

„უარეს მდგომარეობაშიც კი არის. იმიტომ რომ, იქ გარკვეული გადაწყვეტილებები - ცენტრალიზებულია. იქ არის ის, რაც „მეპატრონეს“ ეკუთვნის, „უფროსს“, და ეს „უფროსი“ განკარგულებებს იძლევა. აქ კი.. სამთავრობო მექანიზმები განადგურებულია. უკრაინაში ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც კი, თუ რამე კარგის გაკეთება მოუნდა, ვერ შეძლებს“,-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „რუსეთში კი თუ პუტინს შეუთანხმდი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება“.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე საუბრისას, ოდესის ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან საშიშ პერიოდში შედის - „ევროპული მასშტაბის გარიგებების პერიოდში“.

„ევროპის დიდი ქვეყნების წამყავნი ლიდერები, რომლებიც ევროკავშირში დარჩნენ, დაიწყებენ მოლაპარაკებებს იმათთან, ვისთან მოლაპარაკება არ შეიძლება. მაგალითად, პუტინთან. მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება არ სურთ“,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.