საზოგადოება
2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

 გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

 პრემიერის თქმით, „ტავ ჯორჯია“ არის „ტავ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა.

 „ტავ ჰოლდინგმა“ უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება ჯამში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

 ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500–მდე ადამიანი. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.