სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2106 წლის 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან . (აცანის ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლი, მამა გაბრიელი – საქინფორმი) მართავდა.

სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას (გაეცილებინათ იგი სახლში – საქინფორმი). სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება“.