აქტუალური
„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება“ – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მედიასთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა.

 ხიდაშელის თქმით, ქართველი ჯარისკაცების უდანაშაულობა დასტურდება როგორც საქართველოში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული გამოძიებით.

 „ჩემი მხრიდან გამოძიების დეტალებზე საუბარი არასწორი იქნება, თუმცა მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვამბობ, რომ დამტკიცდება უდანაშაულობა. ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი - ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა გაკეთდეს ახალი განცხადება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.