აქტუალური
სააკაშვილმა ტექდათვალიერება გააუქმა, ხიდაშელმა კი წასვლისას - სავალდებულო სამხედრო სამსახური ქართულ ჯარში!

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. სავალდებულო გაწვევის გაუქმება თინა ხიდაშელის მიერ ერთი წლის წინ დადებული ერთ-ერთი პირობა იყო. თავდაცვის მინისტრის ბრძანება მთავრობას უკვე გადაეგზავნა (ბრძანება ეხება მხოლოდ ქართულ ჯარში გაწვევას, შსს–ს სასაზღვრო ჯარებსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ქვედანაყოფებში გაწვევა უწინდებურად განხორციელდება).

 „ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ  ემსახურონ სამშობლოს აქ, ამ მიწაზეც და საერთაშორისო მისიებშიც

 მე დავდე პირობა,  ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ  არსებობდეს. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია,  ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და  ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან. ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად, მინისტრის ბრძანებით აღარ განახორციელებს გაწვევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. შესაბამისად, ჩემს შემდეგ ნებისმიერ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.