უცხოეთი
ანკარა ჩამოგდებული სუ-24-ის გამო მოსკოვისთვის ბოდიშის მოხდაზე კვლავ უარს ამბობს

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ანკარა ჩამოგდებული რუსული გამანადგურებლის სუ-24-ის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯე აი ერდოღანის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა თურქულ ტელეკომპანია Haberturk TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ქალინის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მომხდარის გამო წუხს. მისი თქმით, ბოდიშის მოხდასა და კომპენსაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მოსკოვსა და ანაკარას შორის ურთიერთობები გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რომ სირიის საზღვართან თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. სუ-24-ის ტიპის გამანადგურებელი სირიაში სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდა. ინციდენტის შედეგად ერთი რუსი მფრინავი დაიღუპა. ანკარას მტკიცებით, რუსული თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.

გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვი ანკარასგან ბოდიშის მოხდასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვს.