აქტუალური
“ჩვენ საერთო მეზობელი გვყავს, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევებს გვიქმნის“ - თინა ხიდაშელი

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის კომენტარები, რომელიც ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებს ეხება.
 „ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში არსებულ მიზნებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ეს ერთგვარი მშვიდობის მომტანი ხდება იმ მუქარებისა და საფრთხეების ფონზე, რაც აღმოსავლეთიდან შეიძლება მომდინარეობდეს ამ ქვეყნების მიმართ (იგულისხმება ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები). ჩვენ საერთო მეზობელი გვყავს, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევებს გვიქმნის“, - აცხადებს ის და რუსეთის დასახელებისგან თავს იკავებს; შემდეგ კი აგრძელებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაშიც გვეხმარება.

 სხვათა შორის, თბილისი ვარშავის სამიტზე იმედოვნებს პაკეტს, რომელიც პრაქტიკულ ზომებზე იქნება დამყარებული, რათა ნატოსთან თავისი არმიის თავსებადობა გააუმჯობესოს. მართალია, საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ალიანსის წევრობის მიწვევას მიიღებს, მაგრამ იმედი აქვს იმ დაპირების დადასტურებისა, რომელიც დეკემბერში ბრიუსელში გაისმა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მინისტრებმა პირველადი შეთანხმებით განაცხადეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.