უცხოეთი
პუტინმა ნატოს მოქმედებების საპასუხოდ თავდაცვისუნარიანობის ამაღლება მოითხოვა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს „აგრესიულ“ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსეთმა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

 ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 პუტინის თქმით, დასავლეთს არ სურს რუსეთთან ერთად „კოლექტიური უსაფრთხოების თანამედროვე, ბლოკგარეშე სისტემის“ შექმნა.

 „რუსეთი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად მზად არის და არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა დიალოგისთვის. მაგრამ, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე ისე დღესაც, ვერ ვხედავთ საპასუხო დადებით რეაქციას.

 პირიქით, ნატო აძლიერებს საკუთარ აგრესიულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს ჩვენს საზღვრებთან. ასეთ პირობებში ვალდებული ვართ, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას უკავშირდება“, - განაცხადა პუტინმა.