აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე თინათინ ხიდაშელი მარშალის ფონდში იმყოფებოდა. მან მაკედონიელ კოლეგასთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ვარშავის სამიტის მოლოდინები განიხილა.

 „მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გვქონდა საშუალება, ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან გვესაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნებისთვის ამ ძალიან რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო ფორუმი სამიტამდე, რომელსაც GMF-მა უმასპინძლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთ ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს იმ პოზიტიური მოლოდინების პაკეტში, რომელსაც ჩვენ სამიტიდან ველოდებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 „ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ჩემს ძვირფას მეგობართან - საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე მესაუბრა. მან საქართველოს მისწრაფებების შესახებ ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა. მსგავსი დისკუსიები ალიანსის გაფართოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ვარშავაში, სამიტამდე ორი კვირით ადრე. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების - მაკედონიისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, რაც ჩვენს ხალხს უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს“, - აღნიშნა მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევსკიმ.