საახალწლო განწყობა წინასაახალწლოდ თბილისში საერთოდ არ იგრძნობოდა. მითუმეტეს ახლა, როდესაც ახალმა წელმა უკვე ჩაიარა, ვერც კი იგრძნობ, რომ სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ ქვეყანა ახალ, 2011 წელს შეხვდა, თან ისე პომპეზურად, როგორც ეს ჩვენს პრეზიდენტს სურდა,თუმცა რამდენად გამოუვიდა ეს სააკაშვილს, ამას ქვემოთ მოგახსენებთ, აღსანიშნავია დედაქალაქის აქტივობაც. წინა პერიოდშიც და თვითონ ახალი წლის ღამესაც ქუჩები თითქმის ცარიელი იყო, საქინფორმის კორესპონდენტი ბაზარში გამყიდველსაც ესაუბრა:
„ასეთი ახალი წელი ჯერ არ მახსოვს, ადრეც უჭირდა ხალხს, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. გოჭი, ქათამი, ინდაური წელს თითქმის არ გამიყიდია, კარტოფილი და მჭადის ფქვილი კი - იცოცხლე!.. ნეტა საერთოდ არ დამეკლა ის საცოდავები, მაგრამ რას წარმოვიდგენდი?.. ის, რომ ხალხს ფული საერთოდ არ აქვს, ეს სიტყვის მასალა არ არის, მართლა ძალიან გვიჭირს, ამაში მე წელს დავრწმუნდი. ანდა როგორ უნდა გვილხინდეს, როცა სამსახური, ერთეულების გარდა, არ აქვთ ახალგაზრდებს“.კონცერტი ბათუმში, რომელიც მილიონები დაჯდა და რომლის სარეკლამო რგოლიც ყოველ დღე ყველა არხზე 15-წუთიანი შუალედით ტრიალებდა და თითქოს ხალხს აძალებდა, ადექით, დაირაზმეთ და წამოდითო, პირდაპირი მნიშვნელობით წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდა. ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ საქართველოს ელიტას, რომელიც ნებით თუ დაძალებით იქ იმყოფებოდა, მაკიაჟი და საგანგებოდ დაყენებული თმები სულ ჩამოურეცხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოითმინეს და ბოლომდე დაესწრნენ სანახაობას, მაგრამ ბათუმში ჩასვლა და ეს კონცერტი რად დაუჯდა ჩვენს ელიტას, საკითხავი სწორედ ეს არის. საცოდავად გამოიყურებოდნენ მოცეკვავეები, რომლებსაც წყალში ცეკვისას ფეხი უცდებოდათ და ზოგი მათგანი წყალში მოჯდა კიდეც, მაგრამ სრულიად სველები მაინც ცდილობდნენ საახალწლო განწყობილების შენარჩუნებას.
თბილისში კი სიცივისაგან აკანკალებულ მომღერლებს ერთი სული ჰქონდათ, კონცერტი მალე დაემთავრებინათ და თბილ რესტორნებში გაქცეულიყვნენ. ბევრს, ალბათ, არც უღირდა ამ კონცერტზე გამოსვლა, მაგრამ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა „მოუვიდოდათ“ ჩვენი ხელისუფლებისგან უარის შემთხვევაში.
ზოგმა გათბობის აპრობირებულ მეთოდს, სასმელს მიმართა, რამაც თიკო სადუნიშვილს სრულებით მოუხსნა ყველა კომპლექსი და „იმედის პრიმადონამ“ საახალწლო კონცერტზე, რომელსაც ბავშვებიც ელოდნენ და დაჟინებით უყურებდნენ ტელეეკრანებს, ქართველ მაყურებლებს ვნებიანი და არაესთეტიური კოცნა „გვაჩუქა“, ამან ჩვენზე არანაკლებ გააოცა მისი პარტნიორი და თანაწამყვანი მომღერალი, ვინმე „თლ“. მარტო მისი სახის გამომეტყველებით მიხვდა ქართველი მაყურებელი, რომ ეს დაგეგმილი არ იყო და ეს თამამი ნაბიჯი თიკო სადუნიშვილს ზედმეტმა სასმელმა გადაადგევინა.
ხალხის სიმცირე იგრძნობოდა საახალწლო ნივთების მაღაზიებშიც. ნაძვის ხეები, სათამაშოები, წვიმები და სხვა გასაფორმებელი ნივთები დახლებზე თითქმის იმავე რაოდენობით დევს დღესაც, საქინფორმის კორესპონდეტთან საუბრისას ნანა ჩივაძემ ყურადღება საჩუქრების ფასებზე და თავის ხელფასზე გაამახვილა:
„ საახალწლოდ მაღაზიაში რომ შევედი და ფასებს შევხედე, მეგონა, ევროპაში ვიყავი, მაგრამ იქვე გამახსენდა ჩემი არაევროპული ხელფასი. ნაძვის ხე, რომელიც მომეწონა 400 ლარი ღირდა, ჩემი შვილის თოვლის ბაბუასთვის შეკვეთილი თოჯინა კი - 90 ლარი , ხელფასი კი სულ 250 ლარი მაქვს. მაინტერესებს, როგორ გავწვდე ამდენს ამ ხელფასით? ოდესმე დაფიქრებულა ჩვენი მთავრობა ამაზე?“
ასე დაიწყო 2011 წელი, ქართველი ხალხის ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები თითქმის იდენტურია. საქინფორმის კორესპონდენტის მიერ გამოკითხულთა 99 პროცენტმა ახალ წელს ჯანმთელობა, ბევრი ფული და მთავრობის შეცვლა ჩაუთქვა.