აქტუალური
ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ვიზიტის დეტალებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთიერთობის გამოხატულებად შეფასეს.

შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანის მხარდამჭერ როლს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების  თემებზე, განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია. 

საუბრის დასასრულს ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა.