რელიგია
პატრიარქი იმედოვნებს, რომ 2011 წელი საქართველოს გამთლიანების წელი იქნება

katalikosiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იმედოვნებს , რომ 2011 წელი საქართველოს გამთლიანების წელი იქნება.

ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, განაცხადა. "ღმერთმა ინებოს, რომ ეს ახალი წელი იყოს მშვიდობიანი. ეს წელი იყოს საქართველოს გამთლიანების წელი. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა გაჭირვებულმა ადამიანმა იგრძნოს შვება და ღვთის წყალობა", - ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ადამიანმა მომავალს იმედით უნდა უყუროს.

უწმინდესსა და უნეტარესს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ყველამ ბევრი იფიქროს და იკითხოს, უსმინოს სხვა ადამიანების აზრს. პატრიარქის განცხადებით, ასევე აუცილებელია შრომა. მისი თქმით, ხშირად ადამიანები ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, რადგან არ იციან, თუ როგორ უნდა მოძებნონ გამოსავალი.

პატრიარქმა, ასევე, ისაუბრა იმაზეც, რომ მშობლები ხშირად თავიანთ შვილებს მზამზარეულს აწვდიან ყველაფერს, ამიტომ შვილებმა არ იციან, თუ საიდან და როგორ აკეთებენ ყველაფერს მშობლები მათთვის.

ილია მეორემ მოსმენის კულტურის აუცილებლობაზეც ისაუბრა. "მოსმენის კულტურა უნდა ჰქონდეს ყველას – პატრიარქს, პრეზიდენტს, მთავრობას", - ბრძანა მან ქადაგებისას. კათოლიროს-პატრიარქის განცხადებით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაითვალისწინონ სხვისი აზრი. "სწორხაზოვანი აზროვნება ძალიან საშიშია", - დასძინა ილია მეორემ.