აქტუალური
გრისლენ გეზენგე: „ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში“

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უშუალო საგამოძიებო საქმიანობის დაწყებამდე ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

 „სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ საგამოძიებო საქმიანობაში დახმარებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება, სავარაუდო მსხვერპლს შევხვდეთ. ეს საკითხი ჩვენც ისევე გვაღელვებს, როგორც თქვენ, - ამ სიტყვებით დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გრისლენ გეზენგემ ქართულ მხარესთან შეხვედრა. აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პროცესში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩართულობაზე.

 მხარეებმა ტექნიკური დეტალებიც გაიარეს და შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვით, ფოტოსურათებით ამოცნობითა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით წარიმართება.

 ქართულმა მხარემ ბანგიში გაეროს მისიის წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრა და ადგილზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების გეგმა გააცნო.