აქტუალური
„საქართველო სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებით დაბრუნდება“ - ხიდაშელი ვერშბოუს შეხვდა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრით დასრულდა. 

 „გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე  ვარშავის სამიტის შესახებ ვისაუბრეთ. მთავარი თემა იყო ის კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. განვიხილეთ საკითხები, რომლებისგანაც ველოდებით პროგრესს, პროექტები, რომელთა განხორციელებაც სწორედ ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს საქართველომ. ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა. მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც, თუმცა, მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავუსახეთ ვარშავის სამიტს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ, ხორვატ, თურქ და უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.