უცხოეთი
ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა დონბასში სიტუაციის გაუარესების გამო

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა ოთხშაბათს, უკრაინის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ გროისმანთან შეხვედრისას, ღრმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

 როგორც ცნობაშია აღნიშნული, მხარეებმა მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციის დაჩქარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 „ვიცე–პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე დარჩება ძალაში, სანამ ის მთლიანად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინას ეკონომიკის, პოლიტიკის და ენერგო-რეფორმების სტიმულირებისთვის დამატებით 220 მილიონ დოლარს პირდება.

 „ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ამბიციური რეფორმების განხორციელების მცდელობების ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და მიულოცა მას პირველი ორი თვის მანძილზე გადადგმული გაბედული ნაბიჯები“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.