პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 15 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან გიორგი ნაზაროვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა და მიმდინარე აქტუალური საკითხები. ქართულმა მხარემ წუხილი გამოთქვა მიმდინარე წლის 14 ივნისს ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების გამო, რაც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არ შეესაბამება ამ გადაწყვეტილების შინაარსს, რაც შესაძლოა, გამოიწვია გენერალური პროკურორის არაინფორმირებულობამ, შედეგად კი მის მიერ მოხდა საქმის არასწორი შეფასება, რაც ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას. 

თავის მხრივ, ბატონმა ნაზაროვმა განაცხადა, რომ მას უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იგი საქართველოს პოზიციას დაუყოვნებლივ აცნობებს კიევს.