პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდთან დაკავშირებით

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 15 ივნისს შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მეორე სამუშაო ჯგუფში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი.

პირველ სამუშაო ჯგუფში დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, მილიტარიზაციის, უკანონო სამხედრო წვრთნებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესები. ამ ფონზე ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან მოითხოვეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საოკუპაციო ხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ.

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 4-5 ოქტომბერს.