აქტუალური
ანგელა მერკელი: „გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება ლაპარაკი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ვიზალიბერალიზაციის გრძელ ვადებზე არ იქნება ლაპარაკი. საუბარია ევროპარლამენტში მიმდინარე, მოკლევადიან მოლაპარაკებებზე. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა და შესაძლებელია, რომ განხილვა მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღებთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნას, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რაც ვიზალიბერალიზაციისთვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.