უცხოეთი
ერდოღანმა პუტინს წერილი მიწერა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.  

 როგორც წერილში თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი სურვილია „უახლოეს მომავალში“  რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

 "ბატონო პრეზიდენტო! მინდა თურქეთის მოქალაქეების სახელით ყველა რუსს სახელმწიფო დღე მივულოცო, ასევე ჩემი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში  რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს", - ნათქვამია წერილში.

 თავის მხრივ, თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა თავის რუს კოლეგას  დიმიტრი მედვედევს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მან იმედი გამოთქვა, რომ "უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ხალხის საერთო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება".

 დღესვე კრემლმა დაადასტურა, რომ ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა. "წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა," - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „რია ნოვოსტის“.

 შეგახსენებთ, რუსეთსა და თურქეთს შორის  ურთიერთობა  გასულ წელს, შემოდგომაზე მას შემდეგ გაუარესდა, რაც 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი სუ -24 ჩამოაგდეს, რომელიც სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში იყო ჩართული. აღნიშნულის შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ, მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა, როგორიცაა საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვა, ჩარტერული რეისები და სავიზო რეჟიმი.