სამართალი
"ხალხს აქვს განცდა, რომ სამართლიანობა არ აღდგა, არადა პრეზიდენტი დევნაშია, კეზერაშვილი დევნაშია, მერაბიშვილი კი - ციხეში" - ივანიშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ამ მიმართულებით, პროკურატურაში ბევრ საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს. "ის რაც მოხდა საქართველოში, ამ მიმართულებით, საოცრებაა მაგრამ ხალხს ისევ ის განცდა აქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა. არადა პრეზიდენტი დევნაშია, კეზერაშვილი დევნაშია, მერაბიშვილი კი, ციხეში. ჩემი პრემიერობის დროს, დროის 90%-ს ვხარჯავდი იმაში, რომ პარტნიორებისთვის ამეხსნა, რა ხდებოდა საქართველოში. "ნაციონალები" საზოგადოებაზე მენტალურად ისევ ძალადობენ და მოსახლეობის უკმაყოფილებაც ამიტომ გამოიხატება. უზნეო ხალხი მორალზე გველაპარაკება და ამიტომ არის აღშფოთებული ხალხი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.