სამართალი
„თუ "ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 80 ადამიანზე ნაკლებს შეიყვანს, ბევრ პრობლემას მივიღებთ“ - ივანიშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არასწორად მიაჩნია.

 „მე მხოლოდ ანალიზის საფუძველზე ვთქვი, რომ 95 ადამიანით შევალთ პარლამენტში. კოალიციური მთავრობა ასეთი ეკონომიკის პირობებში ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. დემოკრატიისთვის კი, კარგია. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა.

 თუ "ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 80 ადამიანზე ნაკლებს შეიყვანს, ბევრ პრობლემას მივიღებთ ეკონომიკის მხრივ. ასეთი მთავრობები, ძირითადად, რესურსის სათავისოდ განაწილებით არიან დაკავებული და რეფორმები რჩება უკან. ამდენი სიღარიბის და უმუშევრობის პირობებში, კოალიციური მთავრობა ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.

 არავის ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, მაგრამ ამ რაოდენობით უნდა მოვიდნენ, თუ გვინდა, რომ გვყავდეს მყარი მთავრობა. ძალიან მინდა, რომ მოსახლეობა ამას გაგებით მოეკიდოს და მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ექსპრემიერმა.